ფოლკლორის ცენტრის საბავშვო ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში ჩატარდება

22:39, 22.06.2021

ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ყოველწლიური ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობს: ოზურგეთის, ქობულეთის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზესტაფონის, ბაღდათის, ბორჯომის, გორის, წალენჯიხის, ამბროლაურის, თელავისა და ლენტეხის სალოტბარო სკოლის 200 მოსწავლე.

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტების გამართვა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს და მაყურებელს წარუდგენენ საკუთარი კუთხის ტრადიციულ სიმღერა-გალობის ნიმუშებს.

დღის მეორე ნახევარში შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი – ქართულ თამაშოებებთან ერთად, მოეწყობა ფილმის ჩვენება-გარჩევა, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ჩაატარებს მასტერკლასებს. ღონისძიების მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის უკეთ წარმოჩენა მომავალი თაობებისთვის.

მომავლის ხმები პირველად 2019 წელს გურიაში ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის (ოზურგეთი, წალენჯიხა, ლენტეხი, საჩხერე, ონი, მესტია, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, ქობულეთი, სამტრედია) 400-მდე ბავშვი. დღესდღეობით ფოლკლორის ცენტრის 27 სალოტბარო სკოლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შეწავლა ყველა მსურველს შეუძლია.

მსგავსი