ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა არ შედის აშშ-ის ინტერესებში
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა არ შედის აშშ-ის ინტერესებში

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც რესპუბლიკელების პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტია, უკრაინის ნატო-ში მიღების წინააღმდეგია. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც ფლორიდის გუბერნატორი აცხადებს, უკრაინის ნატო-ში წევრობა არ შედის აშშ-ის ინტერესებში.

„ეს უფრო მეტ ვალდებულებას აგვკიდებს და რა სარგებელს მივიღებთ სანაცვლოდ?“ – თქვა რონ დესანტისმა.

მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორმა ასევე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, არ მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა გამოუწეროს „ცარიელი ჩეკი“ (ის, სადაც ნებისმიერი თანხა შეიძლება ჩაიწეროს უკრაინის დასახმარებლად), თუ კიევი „არ გამოიყენებს ბერკეტს კონფლიქტის დასასრულებლად“.

დესანტისის ინტერვიუ მოჰყვა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას, რა დროსაც ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.