ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში მოსწავლეებს გამჭვირვალე ზურგჩანთებით მოუწევთ სიარული
ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში, სადაც 14 თებერვალს მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ადმინისტრაციამ უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი ზომა მიიღო. მარჯორი სთოუნმენ დუგლასის სახელობის სკოლის მოსწავლეები ამიერიდან გამჭვირვალე ზურგჩანთებით ივლიან.
საჯარო სკოლებზე სამხარეო ზედამხედველის, რობერტ რუნცის თქმით, სასწავლებელი სტუდენტებს თავად უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ზურგჩანთებით, რომელთა ტარებაც სავალდებულო იქნება.
ამ რეგულაციას წინ უძღოდა მოსწავლეების არაერთი საპროტესტო დემონსტრაცია და განცხადება. ისინი იარაღის შეძენაზე კანონის გამკაცრებას და ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვენ. მოსწავლეები პოლიტიკოსებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება სკოლაზე თავდამსხმელს, რომელიც ამავე სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია, 19 წლის ნიკოლას კრუზის წინააღმდეგ პროკურატურა უმაღლესი სასჯელის – სიკვდილით დასჯის გამოყენებას ითხოვს. პარკლენდის სკოლაზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად 8 მარტს წაუყენეს. ნიკოლას კრუზს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში 17 ადამიანის განზრახ მკვლელობასა და კიდევ 17 ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს კრუზს ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა მაშინ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად არ მიიჩნიეს.