ფლორიდაში, დონალდ ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში გასულ წელს მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული რაიან რუთი ტრამპის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს
2024 წლის 15 სექტემბერს ფლორიდის შტატში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში მომხდარი თავდასხმის გამო დაკავებული რაიან რუთი ტრამპის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. სასჯელის ზომა ცნობილი 18 დეკემბერს გახდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, რაიან რუთს, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.
59 წლის რუთი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ყველა პუნქტში, მათ შორის სხვადასხვა დანაშაულისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში.
მედია წერს, რომ რაიან რუთმა განაჩენის გამოტანის შემდეგ თავის დაზიანება საწერი კალმის გამოყენებით სცადა.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით სამართალდამცავ ორგანოებს და იმ მოწმეებს, რომლებმაც მათთან ითანამშრომლეს და საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, გასული წლის 15 სექტემბერს ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დააკავეს რაიან რუთი, რომელიც იარაღით იმალებოდა გოლფკლუბიდან ასიოდე მეტრის მოშორებით მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი მოედანზე თამაშობდა. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, დაკავებული სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებდა ტრამპს, უკმაყოფილო იყო მისი პოლიტიკით, განიხილავდა პოლიტიკურ თემებს და აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას.