„ფიტჩმა“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი გაზარდა
„ფიტჩმა“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ (Fitch Ratings) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გრძელვადიანი რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ (BB-) „ბიბიმდე“ (BB)  გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

„სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს „გარდაბანი-2“ თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. თბოსადგურის ექსპლუატაცია მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას, გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კორპორაციის მომგებიანობაზე აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს ზრდის. სარეიტინგო კომპანია იმედოვნებს, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია შეინარჩუნებს მსხვილ საკრედიტო მაჩვენებლებს 2018-2022 წლებში, რაზეც დადებით გავლენას მოახდენს „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურისა და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების დასრულება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 250-270 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კორპორაციის აქციების 100 პროცენტს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც  სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას განიხილავს როგორც ენერგო პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანეს კომპანიას. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზის მოწოდებისა და სატრანზიტო ხელშეკრულებებში  მთავარ ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს და ადგილობრივ გამანაწილებელ კომპანიებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობის გზით, უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.