ფიქრია ჩიხრაძე - შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი გამოყენებისთვის არ უნდა ისჯებოდეს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და ამ უფლების გამოყენების გამო, პრეზიდენტი არ უნდა ისჯებოდეს. ფიქრია ჩიხრაძე ამ განცხადებით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს.
„სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით იყო შემაშფოთებელი. ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სწორედ ის, რომ შეწყალების კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება იყოს პრეცედენტული ხასიათის და მართლაც ეჭვის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი პრეზიდენტის მიერ ყველა აქამდე მიღებული ან მომავალში მისაღები გადაწყვეტილებები, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი, დღევანდელი თუ შემდგომი.
ამ მხრივ ეს არის პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ძალიან პრობლემური საკითხი. პოლიტიკურად პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ ძალიან გაჭირდება თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ კუთხით არის დადანაშაულებული, ვინაიდან მართლმსაჯულების ანა-ბანაა, რომ შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება, პრეზიდენტის პრეროგატივა და ამის განხორციელებისთვის არ შეიძლება, ისჯებოდეს.
ის რაზედაც გვეუბნებიან, რომ ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი, კი ბატონო ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი, მაგრამ სწორედ ამ მუხლთან მიმართებით და ეს არის პრობლემური, თორემ ის ამბავი რომ გირგვლიანის თემაზე პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართული დანაშაულის დაფარვაში, შემსუბუქებასა და ასე შემდეგ, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველაზე უკეთესად კი იმ ადამიანებმა, ვინც ამ საქმეს წლების განმავლობაში აპროტესტებდა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანების ნაწილი, ვინც ამ მრავალჯერად დანაშაულში მონაწილეობდა, დასჯილია, ნაწილი არ დასჯილა, იმიტომ რომ სამწუხაროდ, საქმის არაკვალიფიციურად წარმოების გამო, მათ მიმართ ბრალი ვერ დადასტურდა. ნაწილი, ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დაწინაურდა. ყოფილი პრეზიდენტის დადანაშაულება, რომ შეწყალება იყო პრობლემური, ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
ძალიან არაკვალიფიციურია საკითხის ასე დასმა და მით უფრო არაკვალიფიციურია იმ ადამიანებისგან, ვისაც ოდნავ ესმის რამე იურისპრუდენციისა და მართლმსაჯულებისა, იმიტომ რომ როდესაც არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, არსებობს კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს მთელი რიგი მიმართულებით ბრალეულობას, დანაშაულსა და ასე შემდეგ, ამის პარალელურად აწესებს უფლებას პრეზიდენტისთვის, რომ ამ ყველაფრის გარეთ, პრეზიდენტს აქვს გარკვეული უფლება, რომელიც არ არის კრიტერიუმებით განსაზღვრული და სწორედ ამ უფლებას რომ ედავები, ვინც არ უნდა იყოს ყოფილი, დღევანდელი თუ მომავალი პრეზიდენტი, სწორედ ეს არის პრობლემური და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ტიპის განმარტებებს აკეთებს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისათვის პასუხისგების აცილების მიზნით სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულსალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.