ფიქრია ჩიხრაძე - განცხადება, რომელიც გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ, დამაბნეველი იყო, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განმარტებებს ველოდებით
ფიქრია ჩიხრაძე - განცხადება, რომელიც გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ, დამაბნეველი იყო, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განმარტებებს ველოდებით

განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გრიგოლ ვაშაძისაგან, რა თქმა უნდა იყო დამაბნეველი. ველოდებოდით განმარტებებს „ნაციონალური მოძრაობისაგან“, რადგანაც ის ამ პარტიის ლიდერს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, როგორც ჩიხრაძე ამბობს, მოლაპარაკებები მასშტაბური გაყალბებების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს, ხელისუფლება კი მათ მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე ესაუბრება.

„ოპოზიციის პოზიცია და მთავარი გენერალური ხაზი გახლავთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს გაყალბება იყო ძალიან დიდი მასშტაბის. სამწუხაროდ, სამართლებრივი გზა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა პროტესტის პარალელურად არჩეული, პრაქტიკულად, ჩაიარა, რადგან ჩვენს საოლქო კომისიებში, უდიდეს ნაწილში მოვახერხეთ საჩივრების განხილვა. ასევე არ მოხერხდა სარჩელების განხილვა, ან რისი განხილვაც მოხერხდა, იმაზე უარი იქნა ნათქვამი სასამართლოებში. ჩვენ ბუნებრივია, პირველივე დღიდანვე ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის და ეს დიალოგი უნდა ემსახურებოდეს, რომ ის მასშტაბური გაყალბებები, რომლებიც ამ არჩევნებმა აჩვენა, იქნას გამოსწორებული.

ხელისულების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ისინიც მზად არიან დიალოგისთვის, ოღონდ შენარჩუდეს სტატუსკვო და ვილაპარაკოთ მომავალში კოსმეტიკურ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ასეთ ვითარებაში განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გრიგოლ ვაშაძისაგან, იყო დამაბნეველი. ჩვენ ველოდებოდით განმარტებებს „ნაციონალური მოძრაობისაგან“, რადგანაც ის ამ პარტიის ლიდერს წარმოადგენს.

ცალკეული განცხადებებით ჩვენ რაც ვიცით, ისინი ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ მისი პერსონალური პოზიცია. ცუდია, როდესაც ოპოზიციას აქვს ერთიანობა და ოპოზიცია არის ჭრილი სხვადასხვა გემოვნების,სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჯობია ყოველთვის შეთანხმებული განცხადებები კეთდებოდეს და დამაბნეველი განცხადებები მხოლოდ აზიანებს საქმეს. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ პოლიტიკური ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას, „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ, თავად გაერკვევა მისი ლიდერის ამ განცხადების ანატომიასა და ასე ვთქვათ, მნიშვნელობაში, მეტ განმარტებას მოვისმენთ მათგან“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, ჩიხრაძე ამბობს, რომ „ლელო“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, „ლელოს“ პოზიციას, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანნი იმ პოზიციისა, რაც ოპოზიციამ განაცხადა ერთობლივად. ჩვენ ეს არჩევნები მიგვაჩნია არალეგიტიმურ არჩევნებად, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხმების ქურდებთან ერთად დავსხდეთ პარლამენტში, მივიღოთ ეს სტატუსკვო და ასე გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ პროტესტთან ერთად, რა თქმა უნდა, მზად ვართ დიალოგის მაგიდასთან დასაჯდომად, მაგრამ ეს დიალოგის მაგიდა არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული რაღაც საუბრებისთვის და კოსმეტიკური ცვლილებისათვის. ჩვენ საქართველოსთვის გვჭირდება პოლიტიკური მომავალი,საქართველოსთვის გვჭირდება დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა და ასეთი განვითარების პერსპექტივა გაყალბებული არჩევნებით შექმნილ პარლამენტს არ შეუძლია, შეუქმნას ქვეყანას“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.