ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო გადაწყვიტა
ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო გადაწყვიტა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

ჩიხრაძე ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო მიიღო. ჩიხრაძე განმარტავს, რომ საარჩევნო პერიპეტიებთან დაკავშირებული მოვლენები და ამ თემაზე მწვავე საერთაშორისო კრიტიკული რეზონანსი იყო ის ფაქტორი, რამაც გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ უბიძგა.

რაც შეეხება შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში ყოფილი პრეზიდენტი „ლელოს“ შეუერთდეს, ვინაიდან ამ პარტიაში მისი ადმინისტრაციის ოთხი ყოფილი თანამშრომელია გაერთიანებული, ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს, რომ ეს თემა ჯერ დღის წესრიგში არ დგას.

„ბუნებრივია, ჩვენ ისედაც ყოველთვის ვუცვლით აზრებს ერთმანეთს და მით უმეტეს ამ სიტუაციაში ვაანალიზებთ ერთობლივად სიტუაციას. ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მომავალში და რა პროცესებთან შეიძლება, გვქონდეს საქმე. რაც შეეხება კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მის შეერთებას, აფილირებას, ამაზე არ არის საუბარი. ის წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ არ იყო არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. მეტად თუ ნაკლებად, ახლოს ვისთან იქნება, ამას პროცესი გამოაჩენს. ჯერ ის განწყობილია, რომ ამ ოპოზიციურ ერთობას თავისი ხმაც შეუერთოს და დაეხმაროს თავისი შესაძლებლობებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ პირველ არხთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე გამორიცხულია ის, რომ გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლად შექმნას ცალკე ახალი პარტია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.