ფიქრია ჩიხრაძე - ​უხერხულობები გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს
ფიქრია ჩიხრაძე - ​უხერხულობები გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს

​უხერხულობები გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძე „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ ბათუმში გამართული აქციის დატოვებას გამოეხმაურა.

„მგონი, ვერ შემოიტანს ეს განხეთქილებას. იცით, რომ გუშინ, ბათუმში დატოვეს ჩვენმა წარმომადგენლებმა აქცია, შემდეგ „ლელოს“ ოფისში იყო სრულიად ოპოზიციური სპექტრის შეკრება. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შესაძლოა ერთიანობას რაიმე უხერხულობას უქმნიდეს, მე არ ვიტყოდი ჩაშლაზე, ის უხერხულობები გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს.

მესმის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ის არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი. ოპოზიციის ერთიანი დღის წესრიგი გახლავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, უკეთესი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. როდესაც ერთობლივი აქციები ტარდება, ასეთ დროს სჯობს, გამაერთიანებელი იდეები იყოს წინა პლანზე წამოწეული და არ იყოს ვიწროპარტიული იდეები, რაოდენ დიდ პარტიასაც უნდა ეკუთვნოდეს ეს. მესმის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ მას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, თუმცა პროტესტში ჩვენ ყველანი ვართ, თითოეული პარტიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ერთმანეთის ინტერესები მეტად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ბათუმში ოპოზიციის აქცია გუშინ „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, ამის მიზეზი გახდა ტრანსპარანტები და შეძახილები – „მიშა, ჩამოდი“.