ფინეთმა უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტი გამოუყო

18:20, 15.09.2026

ფინეთმა უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ალექსანდრ სტუბის თქმით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს იმ აღჭურვილობას, რომელიც ზელენსკიმ გადაუდებლად მოითხოვა.

„უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ესაჭიროება, რისი გაცემაც შეგვიძლია. დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავდაცვითი დანიშნულების აღჭურვილობის რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პაკეტი მოიცავს იმ აღჭურვილობას, რომელიც ზელენსკიმ გადაუდებლად მოითხოვა“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთი ამ თავდაცვით ომში უკრაინას უჭერს მხარს. მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია მორალურად მართებულია.

„უკრაინა, უკვე მეხუთე წელია, თავდაცვით ბრძოლაშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან ეს მორალურად სწორია. საქმე ეხება მთელი ევროპის, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც“, – განაცხადა ფინდეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი