ფინეთისა და შვედეთის პრემიერები აცხადებენ, რომ ნატო-ში ერთდროულად გაწევრიანება სურთ
ფინეთისა და შვედეთის პრემიერები აცხადებენ, რომ ნატო-ში ერთდროულად გაწევრიანება სურთ

შვედეთის კანდიდატურაზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანება ერთდროულად სურთ, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ფინელ კოლეგასთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს მოგზაურობა და წევრობისკენ ერთად ვმოგზაურობთ. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ თურქეთთან სამმხრივი მემორანდუმის განხორციელებაზე, მივიღეთ კონკრეტული შედეგები მემორანდუმის ყველა ნაწილზე და გავაგრძელებთ მის განხორციელებას“, – განაცხადა შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ყურანის დაწვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ფინეთში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს რაიმეს დაწვას საჯარო ადგილას.

„რუსეთის ომმა სამუდამოდ შეცვალა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი. გასულ გაზაფხულზე დავიწყეთ ჩვენი საერთო გზა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ეს მოგზაურობა უნდა მოხდეს ხელიხელჩაკიდებული და საერთო თანხმობით, ისევე, როგორც დავიწყეთ. ყოველ ნაბიჯზე ჩვენს ინტერესშია ამ გზით გადაადგილება. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მთელი ალიანსის ინტერესშია, ჩვენ ერთად გავერთიანდეთ. არ მომწონს ეს ატმოსფერო, პოზიცია, სადაც შვედეთი კლასში ერთგვარ პრობლემურ ბავშვად არის წარმოდგენილი“, – განაცხადა სანა მარინმა.

თურქეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ შვედეთზე ადრე შესაძლოა, ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას დაუჭირონ მხარი.