ფინეთის სასამართლომ უარი თქვა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების შესახებ სარჩელის განხილვაზე
ფინეთის სასამართლომ უარი თქვა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების შესახებ სარჩელის განხილვაზე.
საქმე ეხება ნავთობგადამზიდ ტანკერ Eagle S-ის კაპიტნის და მისი ორი თანაშემწის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მათ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის განზრახ დაზიანებაში სდებდნენ ბრალს.
ჰელსინკის სასამართლოში განაცხადეს, რომ ფინეთის კანონმდებლობით ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის გამოყენება შეუძლებელია. გადაწყვეტილების განმარტებაში წერია, რომ ფინეთის ყურეში კაბელების დაზიანების სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია მიეკუთვნება ან იმ სახელმწიფოს, რომლის დროშის ქვეშაც მოძრაობდა გემი, ან იმ ქვეყნების სასამართლოებს, რომელთა მოქალაქეები არიან ბრალდებულები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული მეზღვაურების სასამართლოს ხარჯები, რაც 195 ათას ევროს შეადგენს, ფინეთის სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს.
პროკურორი Eagle S-ის კაპიტან, საქართველოს მოქალაქე დავით ვადაჭკორიასა და მისი ორი თანაშემწისთვის 2,5 წლით პატიმრობას ითხოვდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2024 წელს ნავთობგადამზიდმა გემმა ღუზის საშუალებით განზრახ დააზიანა ზღვის ფსკერზე გამავალი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი და ასევე ოთხი ინტერნეტკაბელი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში ტანკერმა Eagle S-მა, მისი დაკავებისთვის საჭირო საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, ფინეთის ტერიტორიული წყლები დატოვა.