ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს
ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

ფინეთის პარლამენტის წევრ მატიას მარტინენის განცხადებით, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების დროს ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

მისივე თქმით, ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილ შემდგომ შეხვედრებზე ასევე აქცენტი გამახვილდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თემებზე.

„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ოთხი დეპუტატის შემადგენლობით, ჩვენი ვიზიტი სამდღიანია. ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ მზადდებოდა, მაგრამ პამდემიის გამო მოგვიწია მისი გადადება. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელ მარიამ ლაშხთან. ჩვენ უკვე შევხვდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ჩვენ კიდევ გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განვიხილეთ მდგომარეობა უკრაინასთან დაკავშირებით, რომელზეც მოხდა ძალადობრივი თავდასხმა რუსეთის მხრიდან და ფინეთი, როგორც ევროკავშირის მონაწილე ქვეყანა, მხარს ვუჭერთ სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად. უსაფრთხოების თემატიკის გარდა, ვიზიტის განმავლობაში აქცენტი გვექნება ისეთ თემებზე, როგორიც არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თემები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო სფერო. როგორც იცით, ჩვენ ფინეთში განათლების სისტემა საკმაოდ კარგად გვაქვს განვითარებული. ამიტომაც გვინდა, რომ ჩვენი შეხვედრის ფოკუსი ასევე იყოს კვლევები, მეცნიერება, განათლება“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის წევრმა მატიას მარტინენმა.

მატიას მარტინენის განმარტებით, საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა.

„ბოლო წლების განმავლობაში იყო ძალიან კარგი და აქტიური. ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, სამომავლოდაც უნდა განვავითაროთ და წინ წავწიოთ ეს ურთიერთობები, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა მატიას მარტინენმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ივნისში იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფინეთში ვიზიტი.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბატონ შალვასთან მისი სამომავლო ვიზიტის შესახებ, რომელიც იგეგმება ივნისში ფინეთში. მე ასევე ვუთხარი ქალბატონ მარიამს, რომ საქართველოში წლის ბოლოს პირად ვიზიტსაც ვაპირებ. მინდა, კიდევ ერთხელ ვეწვიო თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა მატიას მარტინენმა.