ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ჩვენი პარლამენტი ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ორშაბათს განიხილავს, დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში გავაკეთებთ განაცხადს
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ჩვენი პარლამენტი ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ორშაბათს განიხილავს, დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში გავაკეთებთ განაცხადს

ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ორშაბათს განიხილავს, დიდი ალბათობით, მხარდაჭერის შემდეგ, მომდევნო კვირაში გავაკეთებთ განაცხადს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ საქართველოს პირველ არხს ბერლინში განუცხადა, სადაც ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს.

პეკა ჰაავისტომ ფინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის თემებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა ნიინისტომ პრეზიდენტ პუტინს დაურეკა, რათა ეცნობებინა, რომ ფინეთი ახლა ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიდის. ჩვენი პარლამენტი ამ საკითხს ორშაბათს განიხილავს და დიდი ალბათობით, ჩვენს პარლამენტშიც არის ძალიან ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შემდეგ, მომდევნო კვირაში გავაკეთებთ განაცხადს“, – განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაავისტომ ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

მისი თქმით, თურქეთის პოზიციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.

„მე გუშინ დავურეკე ჩემს კარგ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ცოტა არ იყოს, ახლა არსებული ზედმეტი დაძაბულობის გამო. ჩვენ დღეს ასევე შევხვდებით და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებზე გამოსავალს ვიპოვით. რა თქმა უნდა, ნატო-ს ყველა ქვეყანას, ყველა მესამე ქვეყანას აქვს პროცესის დაბლოკვის შესაძლებლობა და ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც შევინარჩუნოთ კარგი კონტაქტები ყველასთან“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.