ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპი ბევრ საკითხში მართალია, როცა ევროპას მეტის გაკეთებას სთხოვს, ნატო-ს წევრებმა მასთან ურთიერთობისას „ცივი გონება“ უნდა შეინარჩუნონ
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ტრამპთან ურთიერთობისას „ცივი გონება“ უნდა შეინარჩუნონ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს ყველაზე მეტად სიმშვიდისა და გააზრებული მოქმედების შენარჩუნება სჭირდებათ.
როგორც ვალტონენმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიპლომატიურ სტილზე საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული მიდგომისა, მისი მოთხოვნები ევროპელი მოკავშირეების მიმართ გარკვეულწილად სამართლიანია.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპი საკუთარ იდეებს ზოგჯერ ისე წარმოაჩენს, რაც ტრადიციული დიპლომატიისგან განსხვავდება, რომელსაც ამ წრეებში ვართ მიჩვეული, თუმცა ბევრ საკითხში ის მართალია, როდესაც ევროპას მეტის გაკეთებას სთხოვს“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ელინა ვალტონენის თქმით, ტრამპის უკმაყოფილება, რომ ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა არც ირანის წინააღმდეგ მოქმედებებს უჭერს მხარს და არც თავდაცვისთვის მშპ-ის 5%-ის გამოყოფის ვალდებულებას ასრულებს, გარკვეულწილად სასარგებლოც აღმოჩნდა.
„პრეზიდენტ ტრამპის იმედგაცრუება აუცილებელი იყო, რათა თითოეულ მოკავშირეს გაეაზრებინა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულია“, – განაცხადა ვალტონენმა.
მისი თქმით, ფინეთი თავიდანვე უჭერდა მხარს თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის გამოყოფას.
„ფინეთის პოზიცია ეს თავიდანვე იყო. ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ ევროპამ, ასე ვთქვათ, მწარე აბის მიღება გადაწყვიტა და ახლა მისი გადაყლაპვის პროცესშია“, – აღნიშნა ვალტონენმა.