ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პარლამენტი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ვარიანტს განიხილავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პარლამენტი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ვარიანტს განიხილავს

ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ვარიანტს განიხილავს, – ამის შესახებ განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

მისი თქმით, ფინეთი შოკირებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევისა და შესაძლო ომის დანაშაულებებით.

„ფინეთში უსაფრთხოების საკითხზე ინტენსიური დებატები მიმდინარეობს. ახალ მთავრობა ამზადებს სტრატეგიას ამასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გადაუგზავნის ქვეყნის პარლამენტს, რომელიც აქტიურად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ფინეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხსაც“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პეკა ჰაავისტოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, ფინეთში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე შეხედულებები ძალიან სწრაფად შეიცვალა და დღეს ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

„ჩვენ ვაანალიზებთ შეცვლილ რეალობას ევროპის უსაფრთხოებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მზადაა უფრო მეტ რისკზე წავიდეს უკრაინაში, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების რისკის ხარჯზე. ასევე ვხედავთ, რომ რუსეთს შეუძლია 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ, ისე რომ რეზერვების გამოყენების საჭიროებაც არ აქვს. ასევე, ვხედავთ, რომ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების და ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვადასხვა სცენარისთვის“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.