ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი რუსეთის ვიზებს 90%-ით შეამცირებს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი რუსეთის ვიზებს 90%-ით შეამცირებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთი 90 პროცენტით გეგმავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შემცირებას.

ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პეკა ჰავისტოს განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მოდელი, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტულად ჩაითვლება ოჯახური მიზეზების, სამუშაოს ან სწავლის გამო გაკეთებული განაცხადები, რაც შეამცირებს გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას.

„ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრული იქნება. ბევრი ადამიანი ტყუილად არ აღშფოთებულა იმით, რომ ომი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს, არანაირად არ აისახა ტურისტების ამ ნაკადზე“, – თქვა ჰავისტომ.

ამჟამად ფინეთი ყოველდღიურად დაახლოებით ათას სავიზო განაცხადს იღებს რუსეთიდან. შეზღუდვის მიხედვით, ეს ციფრი 100 განაცხადამდე დავა. მისი თქმით, შეზღუდვა სექტემბრის დასაწყისში შევა ძალაში.

ამასთან, ჰავისტოს განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მიღწევა აღნიშნულის შესახებ. მისი თქმით, ფინეთი ვერ აღკვეთს იმ რუსი ტურისტების ფინეთის გავლით მგზავრობას, რომლებმაც ვიზა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებისგან მიიღეს.

ჰავისტო აცხადებს, რომ ამჟამად საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი არიან შენგენის ვიზის უმსხვილესი გამცემები, რომელთა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე.

 

დატოვე კომენტარი