ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას

ფინეთი გმობს ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს ისევე, როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ტიმო სოინიმ ჰელსინკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვგმობთ ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს ისევე, როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე“, – განაცხადა ტიმო სოინიმ.

​ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადგილზე და ამ მხრივ ფინეთის ჩართულობას. მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას ვეროკავშირის დღის წესრიგში და ევროკავშირი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

„​უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა საშინაო რეფორმების თვალსაზრისით და მე მოგიწოდებდით განაგრძოთ ეს პროცესები, რომლებიც სიკეთის მომტანი იქნება, როგორც თქვენი მოსახლეობისთვის, ასევე თქვენი მისწრაფებებისთვისაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე გამოხატული ღია მხარდაჭერა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც მისი განცხადებით, ერთადერთი საერთაშორისო მისაა ადგილზე და მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემდგომი ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ სარგებლისა და პროგრესის გაზიარებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესმა მოუტანა. ​

 

„​ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში ფინეთის ურყევი პოზიციისთვის ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მკაფიო მხარდაჭერისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მიმართ. ძალიან ვაფასებთ ასევე ფინეთის წვლილს საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.