ფინეთის ქალაქ როვანიემიში მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს
ფინეთის ქალაქ როვანიემიში მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს

ფინეთის ქალაქ როვანიემიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის მთავარი თემა ვენესუელაში შექმნილი ვითარებაა.

სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ვენესუელაში ვითარების დესტაბილიზაცია.

„მე ვაპირებ, რომ მას (ლავროვს) ვუთხრა იგივე, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს უთხრა: რომ ყველა ქვეყანა უნდა გავიდეს (ვენესუელადან), მათ შორის რუსეთი. ამის თქმას ვაპირებ მისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე ერეოდეს ვენესუელას საშინაო საქმეებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

სერგეი ლავროვი და მაიკ პომპეო ასევე გეგმავენ, განიხილონ უკრაინის, სირიისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი.

ფინეთში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა მოლაპარაკებები.
ეს მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის მეორე ოფიციალური მოლაპარაკებებია. წინა შეხვედრა 2018 წლის ივლისში, ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პარალელურად გაიმართა.