ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს
ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს. ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში, სამთავრობო სასახლეში გაიმართა. ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა პირველ მარტს მოახდინა.

როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი მისი განაცხადის რატიფიცირებას თურქეთი და უნგრეთი განახორციელებენ. ეს ნატო-ს ორი უკანასკნელი წევრი ქვეყანაა, რომლებსაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთის განაცხადები რატიფიცირებული არ აქვთ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა დაიწყებს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესს. როგორც მოსალოდნელია, შესაბამის დოკუმენტს უნგრეთის პარლამენტი ორშაბათს უყრის კენჭს.