ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის უკრაინა
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის უკრაინა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სტუბის ვიზიტი ტრამპთან არაფორმალური იყო.
„მე შევხვდი დონალდ ტრამპს შაბათს, 29 მარტს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში. ვიზიტის დროს ჩვენ განვიხილეთ ფინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უკრაინა“, – წერს ალექსანდერ სტუბი.
ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა დონალდ ტრამპმაც.
„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.