ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ან დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს
ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შვიდსაათიანი შეხვედრის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ან დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.
სტუბის თქმით, ფინეთი, ყოველგვარი პირობების გარეშე, ცეცხლის სრული შეწყვეტის დაწყებისთვის კარგ თარიღად 20 აპრილს მიიჩნევს.
„რატომ 20 აპრილი? იმიტომ, რომ გვჭირდება კონკრეტული თარიღი. იმიტომ, რომ ეს აღდგომაა. იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, უკვე სამი თვეა, თანამდებობაზეა“, – განმარტა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბის თქმით, რუსეთი თუ არ დათანხმდება შეთანხმებაზე ან დაარღვევს მას, საჭირო იქნება ძლიერი სანქციების დაწესება. მისივე განცხადებით, ასეთი სანქციები აშშ-შიც მზადდება.
„ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ისე სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც უახლოეს მომავალში შესთავაზებს ამას დაახლოებით ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით“, – აღნიშნა სტუბმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ტრამპი ამ სანქციებთან დაკავშირებით, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ტრამპის მოთმინება იწურება.
„გრემსა და პრეზიდენტ ტრამპს ახლო ურთიერთობა აქვთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც სენატორი გრემი გეგმავს, არ განხორციელდება, მაგრამ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტრამპის მოთმინება იწურება და ეს, ჩემი აზრით, კარგია. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ეს რუსეთის მხრიდან სრულიად ნორმალური ქცევაა. ჯერ რაღაცაზე თანხმდები და შემდეგ კვლავ აყენებ პირობებს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა მოუწოდა მსოფლიოს, თვალყური ადევნონ სენატორ გრემის განცხადებებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
„მე ვნახე სანქციები, ზოგიერთი მათგანი, და თუ ისინი განხორციელდება, მაშინ ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, რუსულ ნავთობზე ტარიფებს დააწესებს.