ფინეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი
ფინეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი

ფინეთი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი. ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანნა მარინიმ გააკეთა.

„ყველას ყურადღება ახლა უნგრეთსა და თურქეთზეა მიმართული. ჩვენ ველოდებით ამ ქვეყნებს, რომ განაცხადის რატიფიკაცია მოხდეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა მარინიმ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი მაისში გააკეთეს. ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღეს.

ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას აბრკოლებს თურქეთის პოზიცია, რომელიც ჰელსინკსა და სტოკჰოლმს იმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფაში ადანაშაულებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

დღესვე ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ტელეფონით ესაუბრნენ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.

„ნატო-ში მიწვევით ფინეთმა და შვედეთმა დაამტკიცა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს გეზი. რუსეთმა პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებებს და შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინაში“, – წერს ტვიტერის გვერდზე სტოლტენბერგი.