ფინეთის პირველი დიპლომატი - საქართველო წინ მიიწევს რეფორმების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის
ფინეთის პირველი დიპლომატი - საქართველო წინ მიიწევს რეფორმების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსა და ფინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმო სიონინმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჰელსინკიში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინეთის პირველმა დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისთვის.

„საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა რეფორმების გზაზე, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების კუთხით და მოხარული ვარ, რომ საქართველო წინ მიიწევს ამ პროცესში, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს სამომავლო მისწრაფებებისთვის ევროკავშირში“, – განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ფინეთის ჩართულობით საქართველოში განხორციელებულ Twinning პროექტებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო სისტემის დახვეწას, ევროკავშირის საბაჟო სისტემასთან დაახლოებასა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფინელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისივე შეფასებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოში მეტი ევროპული ინვესტიციის კონცენტრაციისთვის.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი ჰელსინკიში, რა დროსაც დელეგაცია გაეცნო ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოში ფინური სკოლის გახსნის ინიციატივას, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოში ფინეთის მომავალ თავმჯდომარეობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ფინეთის მნიშვნელოვან დახმარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2018 წელს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ფინეთის მხრიდან თანასპონსორობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს ვიზიტისთვის. თავის მხრივ, ფინურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფინური დროშის ისტორიული მონუმენტის შექმნაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფინელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს აღნოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება.

დავით ზალკალიანი ჰელსინკის სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში 11-12 ნოემბერს სტუმრობდა. ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში ფინეთმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი სოფელ ატოცში და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.