ფინეთის ფინანსთა მინისტრი – ესპანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების ლეგალიზება გადაწყვიტა

12:04, 04.08.2026

ფინეთის ფინანსთა მინისტრმა რიკა პურამ ქვეყნის შს მინისტრს, მარი რანტანენს დაუჭირა მხარი, რომელმაც თქვა, რომ სეუტაში შექმნილი სამიგრაციო კრიზის გამო ესპანეთი შენგენის ზონიდან უნდა გაირიცხოს.

როგორც რიკა პურამ განაცხადა, მარი რანტანენს განცხადება ემოციების ზეგავლენით არ გაუკეთებია.

„როგორ შეიძლება, მისი სიტყვები ნაჩქარევად ჩაითვალოს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ათობით ათასი ადამიანი უკანონოდ შემოდის?“ – თქვა პურამ.

მისივე განმარტებით, ევროკავშირი მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს გარე საზღვრების დაცვაში, თუმცა ესპანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების ყოფნის ლეგალიზება გადაწყვიტა.

რიკა პურა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა იდგა სეუტაში ადამიანების მასობრივი შესვლის მიღმა.

„სავარაუდოა, რომ ეს რაღაც ოპერაციაა. ადამიანთა ასეთი მასები თავისით არ მოძრაობენ, სულ მცირე, საქმე ადამიანების ტრეფიკინგში ჩართული კონტრაბანდისტების გააქტიურებას ეხება. მეორე მხრივ, მომხდარის მიღმა, შეიძლება, სხვა ძალებიც იდგნენ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაირკვეს, სად არის სიმართლე“, – განაცხადა ფინეთის ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინადადებას და ესპანეთი შენგენის ზონიდან გარიცხონ, ან, სულ მცირე, მასთან შეთანხმების მოქმედება შეაჩერონ.

მსგავსი