ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაცია თვის ბოლომდე კრიპტოვალუტის ბირჟების რეგულირების საკითხის განხილვას აპირებს
ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაცია თვის ბოლომდე კრიპტოვალუტის ბირჟების რეგულირების საკითხის განხილვას აპირებს

ფინანსურ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია, ე.წ. FATF-ი კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის რეგულაციების დაწესების საკითხის განხილვას თვის ბოლოსთვის აპირებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო მიუთითებს, რომ აღნიშნული წყარო ამ საკითხებში ჩახედული იაპონიის მთავრობის წევრია.

FATF-ის გადაწყვეტილება დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მარტში გამართული შეხვედრის გამოძახილია.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე დღის წესრიგში ერთ-ერთ წამყვან საკითხად კრიპტოვალუტის რეგულირება დადგა. კრიპტოვალუტა დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, ყოველგვარი წესების მიღმა დგას და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოები თვლიან, რომ ეს ფინანსური დანაშაულის და ფულის გათეთრების სერიოზულ რისკებს ქმნის.

არსებული რეგულაციებით, რომელიც 2015 წლის ივნისში შევიდა ძალაში, კრიპტიოვალუტის ბირჟას მხოლოდ რეგისტრაციის ან ლიცენზიის მიღების ვალდებულება აქვს. გარდა ამისა, ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით, ბირჟებმა უნდა გადაამოწმონ მომხმარებლის ვინაობა და საეჭვო გარიგებებზე ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში წარადგინონ.

„როიტერის“ ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 24 ივნისს FATF-ი დაიწყებს დისკუსიას, თუ რამდენად ვარგისია არსებული რეგულაციების სისტემა, რამდენად ერგება ის კრიპტოვალუტის ახალ ბირჟებს, და როგორ უნდა ითანამშრომლონ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე აკრძალეს.

იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტის ბირჟების რეგისტრაცია შემოიღო, მაგრამ რადგან დღევანდელი მდგომარეობით რეგულაციები საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული არ არის, ქვეყნებს შორის თანმიმდევრული თანამშრომლობა ვერ ხერხდება.

დიდი ოცეულის ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2020 წლისთვის იაპონია დაიკავებს. ამიტომ „როიტერის“ წყაროს ცნობით, ამომავალი მზის ქვეყანა ცდილობს, 2019 წლამდე კრიპტოვალუტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო წესები დაამკვიდროს. წყაროს მიხედვით, იაპონია იმედოვნებს, რომ მხარდაჭერას სამთავრობო დონეზე ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც მოიპოვებს.

FATF-ის ორგანიზაცია, რომელიც დიდი შვიდეულის ძალისხმევით შეიქმნა, 37 ქვეყანას აერთიანებს და მისი სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ორგანიზაცია „როიტერის“ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისაგან თავს იკავებს იაპონიის ფინანსური სამსახურის სააგენტოც.