ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ცხრა ძაღლი გადაეცა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ცხრა ძაღლი გადაეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

„საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ცხრა ძაღლი, ძაღლების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ავტომანქანის მისაბმელი და საწვრთნელი აღჭურვილობა გადაეცა. ქართველი კინოლოგ-ინსტრუქტორები ჩეხ კოლეგებთან თანამშრომლობით ძაღლებს კონტრაბანდული (ნარკოტიკული) საშუალებების აღმოჩენაზე გაწვრთნიან. სწავლება 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სექტემბერში დასრულდება.

სამუშაო შეხვედრაზე სტუმრები სამომსახურეო ძაღლების მუშაობის პროცესს გაეცნენ, ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დადებითად შეფასდა და დაიგეგმა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით და ჩეხეთის საბაჟო უწყებასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩეხეთში სამთვიანი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სერტიფიცირებული სწავლება გაიარეს; ქართულ ენაზე ითარგმნა კინოლოგთა სასწავლო კურსის სახელმძღვანელო. პროექტი ორწლიანია და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.