საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გაიმართა
საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, სარა რუპერტს უმასპინძლა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უწყებისა და INL-ის მრავალწლიანი წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, გაიზიარონ ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საგამოძიებო სამსახურის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საგამოძიებო სამსახურის წინაშე არსებული პროფესიული თუ ტექნიკური საჭიროებები, გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის სფეროს გაფართოებისა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის თაობაზე.