ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორი სატვირთო ავტომანქანით განახორციელეს დაახლოებით 137 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი, რეალურად კი საქართველოში შემოტანილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 951 810 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.