ფინანსთა სამინისტრო ურბანული რკინიგზის პროექტის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს
ფინანსთა სამინისტრო ურბანული რკინიგზის პროექტის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული შესახებ განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„ეს არის სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი, დაახლოებით შვიდი სადგური იქნება და ასევე, რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით. ეს არის თბილისის მერიის ინიციატივა და მათ მოგვმართეს თხოვნით, დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ საკითხზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი განმარტებით, საუბარია დაახლოებით, 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდე თანხაზე, იმის მიხედვით, რკინიგზა ერთ ხაზიანი იქნება თუ ორ ხაზიანი.

„ჯერ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, კვლევა და ა.შ, თუმცა საინტერესო ინიციატივაა. ვიცით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. სესხზეა საუბარი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.