ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს 15 რეფორმის გატარებას გეგმავს
ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს 15 რეფორმის გატარებას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს 15 რეფორმის გატარებას გეგმავს, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, რეფორმები სამ ძირითად მიმართულებას ეხება.

“დღეს ჩვენ იმ რეფორმათა პაკეტი წარმოვადგინეთ, რომლის განხორციელებასაც ფინანსთა სამინისტროში ვგეგმავთ. ეს ძირითადად სამ მიმმართულებას ეხება – ქართველი მეწარმეების მხარდამჭერი რეფორმების გატარების პაკეტი, ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე ორიენტირებული იქნება და საჯარო ფინანსების ეფექტური მართვა. სამივე მიმართულებაში ხუთ-ხუთი რეფორმაა, მთლიანობაში ჩვენ 15 რეფორმაზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა დღგ-ს დაბრუნებაზე. ეს ჩვენი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. ჩვენი რეფორმის შედეგად 5-7 სამუშაო დღეში, ბიუროკრატიული ჩარევის გარეშე, ქართველ მეწარმეებს დღგ-ს ზედმეტობით დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ ქართულ ბიზნესს დამატებით 600 მილიონი ლარის მასაზე წვდომას გავუჩენთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული რეფორმების სია ცალკე წარმოვადგინეთ. მინდა განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრის რეფორმები გამოვყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საგადასახადო ცვლილებების ნაწილი პარლამენტში უკვე შემოტანილია, რომლის მიხედვითაც, კაპიტალის ბაზარში მონაწილე როგორც ადგილობრივი, ისე არარეზიდენტი ინვესტორისთვის თითქმის ყველა გადასახადი განულებული იქნება”,- განაცხადა ბახტაძემ.