ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი ბოლო ბრძანება აზარტული თამაშობის ნებართვის გადაცემას უკავშირდება
ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი ბოლო ბრძანება აზარტული თამაშობის ნებართვის გადაცემას უკავშირდება

ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის მიერ გამოცემული ერთ-ერთი ბოლო ბრძანება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის გადაცემას უკავშირდება.

აღნიშნული ბრძანება ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის მეორე დღეს, 15 ივნისს გამოსცა.

მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში.

დოკუმენტის 105-ე მუხლს დაემატა 105-ე პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ცვლილებების თანახმად, უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან ორი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის გადაცემა.

ბრძანებას მამუკა ბახტაძე ხელს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აწერს.