ფინანსთა მინისტრის მოადგილე - სახელმწიფო ამბობს, რომ გადასახადი ყველა ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს სრულად, საგადასახადო ამნისტიების დრო და მოლოდინი დასრულებულია
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - სახელმწიფო ამბობს, რომ გადასახადი ყველა ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს სრულად, საგადასახადო ამნისტიების დრო და მოლოდინი დასრულებულია

პირველად ამბობს სახელმწიფო უარს გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე, ამბობს, რომ კუთვნილი გადასახადი გადასახდელია ყველა ტელეკომპანიის მიერ სრულად და საგადასახადო ამნისტიების დრო და მოლოდინი დასრულებულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს.

გადასახადების გადაუხდელობის გამო ტელევიზიების ნაწილისთვის ინკასოს დადებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელ  „ფეისბუქში“ ვრცელი პოსტით ეხმაურება და განმარტავს, რომ  გადასახადის გადახდისგან თავის არიდება მნიშვნელოვნად აზიანებს კონკურენტულ გარემოს.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის გადაუხდელობა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ტენდენცია ყოველთვის ერთი ან ორი კომპანიით იწყებოდა და ბაზრის ძირითად მონაწილეებზე ვრცელდებოდა.

„ამ „ტრადიციის” დამკვიდრებაში, რა თქმა უნდა, გარკვეული როლი შეასრულა თავად სახელმწიფომაც, როდესაც ორჯერ, 2010 წელს და 2012 წელს საგადასახადო დავალიანებების პატიება/ჩამოწერა განხორციელდა. ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ სახელმწიფომ გარკვეული როლი ითამაშა ტელეკომპანიების დღეს არსებული დავალიანებების დაგროვებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი „ტრადიციულად” დაიწყო. დაიწყო ერთი კომპანიიდან, რომელთანაც იმ პერიოდში სასამართლო დავა მიმდინარეობდა სტრასბურგის სასამართლოში და მის მიერ შეჩერებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და „ტრადიციის” მიხედვით გაგრძელდა, გავრცელდა ბაზრის სხვა მონაწილეებზე ზუსტად ანალოგიური ტაქტიკით და სქემით: წერილი გადავადებაზე-გადავადების პირობების დარღვევა-ვალის დაგროვება-წერილი გადავადებაზე და ა.შ., ანდა, უბრალოდ კუთვნილი გადასახადის გადახდაზე „პრინციპული“ უარით. ერთადერთი, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ ამ ყველაფრის დასასრული არ ჩანს „ტრადიციული”, ანუ ვალების პატიება/ჩამოწერა არ ხდება“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულია „ტრადიცია“ ირღვევა და სახელმწიფო ამბობს, რომ გადასახადი ყველა ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს.

„ტრადიცია“ ირღვევა იმით, რომ პირველად ამბობს სახელმწიფო უარს გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე და ამბობს, რომ ამ სექტორში კუთვნილი გადასახადი გადასახდელია ყველა ტელეკომპანიის მიერ სრულად და საგადასახადო ამნისტიების დრო და მოლოდინი დასრულებულია. ასევე, თავისი ქმედებით სრულად იღებს პასუხიმგებლობას ამ „ტრადიციის“ გარანტირებულად დარღვევაზე მომავალშიც და მიმდინარე გადასახადების გადახდას ითხოვს უპირობოდ, ბაზრის ყველა მონაწილისგან“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ლაშა ხუციშვილი ასევე განმარტავს, რას ითხოვდა ამისთვის ფინანსთა სამინისტრო.

„მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მოუწოდებს ყველა კომპანიას, რომ განაახლონ მიმდინარე გადასახადების გადახდა, მაშინ როცა მიმდინარე გადასახადების გადახდა შეჩერებული აქვს ტელეკომპანიების უმეტესობას;  მიმდინარე გადასახადების გადახდის დასაწყებადაც აძლევს ვადას – 45 დღე და გადახდის დაწყებას ითხოვს არა მაშინვე, არამედ პირველი ოქტომბრიდან; პირველ  ოქტომბრამდე არსებულ დავალიანებებზე ითხოვს კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით რეალური გადახდის გრაფიკის წარმოდგენას.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე პასუხი არის პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული, ზოგ შემთხვევაში გაორმაგებული, ახალი საგადასახადო ვალდებულებები“, – აღნიშნავს ხუციშვილი.

მისი თქმით, ერთი შეხედვით გასაკვირი არ არის, რომ გადასახადის გადაუხდელობის ტრადიციას დამცველები გამოუჩნდებიან, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, ვინ და რატომ შეიძლება, იცავდეს მსგავს ტრადიციას.

„ამგვარი პრაქტიკის დარღვევის მოწინააღმდეგედ ძირითადად,  ბაზრის შედარებით პატარა წილის მქონე კომპანიები გვევლინება, რაც არალოგიკურია. შეუძლებელია, მათ აწყობდეთ სტატუს-კვოს შენარჩუნება, რადგან რაც უფრო დიდხანს გრძელდება მიმდინარე გადასახადების გადაუხდელობის პრაქტიკა, მით უფრო მეტად ზიანდებიან ისინი კონკურენციაში. მათივე ლოგიკას რომ გავყვეთ, წლის განმავლობაში მათ მიერ გადაუხდელი გადასახადებით, თუ შესაძლებელი იქნება 3-4 მილიონი ლარის ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზრის დიდი წილის მქონე კომპანიები ამას გააკეთებენ მინიმუმ 10-ჯერ უფრო მეტად და შეუძლებელია, ვინმეს ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მისი 4 მილიონიანი ინვესტიცია უფრო ეფექტური იქნება კონკურენციაში, ვიდრე სხვისი 40 მილიონი ინვესტიცია. შესაბამისად, პირველ რიგში მათ უნდა აწყობდეთ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ბაზრის პატარა მონაწილე დაზიანდეს კონკურენციაში, თუ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იწყებს ყველა კუთვნილი გადასახადების გადახდას და პირიქით, ბაზრის პატარა მონაწილე ყოველთვის უფრო მეტად არაკონკურენტულ გარემოში დარჩება, თუ  ეს ასე არ მოხდა.

„ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, არადა, ამ ამბავში, რა თქმა უნდა,  ყველას თავისი სიმართლე ექნება, თუმცა ის, რომ „გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს”, ალბათ ყველასთვის უცვლელ პირობად დარჩება“, – წერს სოციალურ ქსელში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.