ფინანსთა მინისტრი უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 000-ლარიანი ზღვარის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს
ფინანსთა მინისტრი უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 000-ლარიანი ზღვარის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს

თავის დროზე, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღების მიზანი კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის გადახედვასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა დაუსვა.

მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო სექტორი.

„200 000 ლარამდე ზღვარის აწევის შემდეგ იყო რისკი, გაძვირებული ლარის პირობებში, ხომ არ დააზიანებდა ეს სამშენებლო სექტორს. თუმცა, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი კარგად ვითარდება, ზრდაც მაღალია. დაკრედიტებაც საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემი ამის საჭიროებას არ მოითხოვს. დავსხდეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და თუ სხვა მონაცემი გაქვთ, ერთად გადაგვარწმუნეთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.