ფინანსთა მინისტრი - სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას
ფინანსთა მინისტრი - სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას

სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ „მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში“ საქართველოს ეკონომიკის შეფასება დაამტკიცა და ასევე წარმატებით დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა.

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებით, ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი წარმმართველი როლი. ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების ზრდის საფუძველს.