ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლონდონს ეწვევა
ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლონდონს ეწვევა

ლონდონში 5-6 თებერვალს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნება „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის შედეგებს. კვლევაში საქართველომ ღია ბიუჯეტის ინდექსით მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

ვიზიტისას ლონდონში „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დაგეგმილია შეხვედრის გამართვა, რომელზეც ფინანსთა მინისტრი საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება პრეზენტაციით და ისაუბრებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ფინანსთა და ეკონომიკის სფეროებში, სამომავლო გეგმებზე და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ღონისძიებას დაესწრება საბანკო და ბიზნეს სფეროდან შერჩეული 60 სტუმარი.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზებით ასევე შედგა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის შედეგების პრეზენტაცია.