ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა და მისიის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო ვიზიტის მიზანია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და საშუალოვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული ფისკალური პოლიტიკისა და პროგნოზების გაცნობა.

„ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, რომელთა დამტკიცებაც დღეს იგეგმება საქართველოს პარლამენტში.

ასევე, საუბარი შეეხო 2026 წელს სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების  მოსამზადებელ სამუშაოებს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.