ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ დირექტორს ევროპაში, რანა კარადშეს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ დირექტორს ევროპაში, რანა კარადშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ დირექტორს ევროპაში, რანა კარადშეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.

„საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.