ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. ინფორმაციას ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს.

სებასტიან მოლინეუსმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა – ეს ის მიმართულებებია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.