ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტმა ახლახანს ნდობა გამოუცხადა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციაცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში  OGP-ს სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.