ფინანსთა მინისტრი - ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%-ის ფარგლებში იყოს
ფინანსთა მინისტრი - ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%-ის ფარგლებში იყოს

ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს 4%-ის ფარგლებში– ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯარო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც  ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა,  2016 წელთან შედარებით, მარტო სახელფასო ნაწილში ეკონომიამ შეადგინა 104 მილიონი ლარი და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებშიც იყო მნიშვნელოვანი ეკონომია 40 მილიონი ლარის ოდენობით.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელფასო შემადგენელ ნაწილზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევადაროთ მთლიან შიდა პროდუქტს. 2016 წლის მონაცემებით, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 5.2%-ს, 2017 წელს ჩვენ შევძელით და ეს პარამეტრი ჩამოვწიეთ 4.4%-მდე. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური ამოცანა, რომ 4%-ის ფარგლებში იყოს ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, უწყებებსაც აქვს აღნიშნული პარამეტრი მიცემული და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლის დასაწყისში, როდესაც შევიკრიბებით, ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კიდევ უფრო მეტი პროგრესი. როგორც პრემიერმა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს აღნიშნა, უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ დრო, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები შექმნან და უკვე ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ პარამეტრებზე, თუმცა რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს 4%-ის ფარგლებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.