Financial Times - სლოვაკეთის მთავრობამ ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა თავდაცვის ხარჯებად შეაფასა, რათა თავდაცვაზე გაწეული დანახარჯებით მშპ-ის 2%-იან ზღვარი გადაელახა
Financial Times - სლოვაკეთის მთავრობამ ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა თავდაცვის ხარჯებად შეაფასა, რათა თავდაცვაზე გაწეული დანახარჯებით მშპ-ის 2%-იან ზღვარი გადაელახა

სლოვაკეთის მთავრობამ ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა თავდაცვის ხარჯებად შეაფასა, რათა ქვეყნის თავდაცვაზე გაწეული დანახარჯებით მშპ-ის 2%-იან ზღვარი გადაელახა და ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ომის დროს გამოყენების გარდა, აღნიშნული საავადმყოფოები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევადაა განკუთვნილი.

„ეს არსებითად სამოქალაქო საავადმყოფოებია, რომლებიც გარკვეულ საიდუმლო თავდაცვის კომპონენტებსაც მოიცავენ, რათა გაამართლონ მათი თავდაცვის ბიუჯეტში ჩართვა. არცერთი ეს საავადმყოფო არ შედიოდა თავდაცვის თავდაპირველ გეგმებში და მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ნატო-ს არ მოუთხოვია“, – განუცხადა სლოვაკეთის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ტომაშ ვალაშეკმა Financial Times-ს.

ვალაშეკის თქმით, ამ ორი სამედიცინო დაწესებულების გარეშე სლოვაკეთის თავდაცვის ხარჯები 2026 წელს მშპ-ის 1.74%-ს შეადგენს და, ამასთან, ისინი სლოვაკეთის 2026 წლის ბიუჯეტის თავდაცვის აღჭურვილობის ხარჯების 35%-ს მოიცავს.

Financial Times-ის ცნობით, ბრატისლავის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოს მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო დაჯდება და მასში მხოლოდ სამოქალაქო პირები დასაქმდებიან.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 26 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს, პირველად, ნატოს ყველა წევრის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2 პროცენტს ან მეტს შეადგენს.