Financial Times - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი პუტინისთვის დიდი დარტყმა იქნება
Financial Times - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი პუტინისთვის დიდი დარტყმა იქნება

ბრიტანულმა გამოცემამ Financial Times-მა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ დღეს უკვე ყველამ იცის, ვინ მოიგებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში, თუმცა ვლადიმერ პუტინის გამარჯვების დაკნინება მხოლოდ დაბალი აქტივობით იქნება შესაძლებელი.

„თუ რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არადემოკრატიულ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს და საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდება, ეს გარკვეულწილად, შეარყევს პუტინის იმიჯს მისივე მომხრეების თვალში, ასევე დაჩრდილავს პუტინის ტრიუმფალურ გამარჯვებას“ – წერია სტატიაში.

ავტორი პარალელს ავლებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, როცა რუსეთში რეკორდულად დაბალი 47%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

„ვლადიმერ პუტინი სტალინის შემდეგ ერთადერთი ლიდერია, ვინც კრემლში ამდენი ხანი დაჰყო. იგი ახლა აპათიაშია, რადგან მთელი 18 წლის განმავლობაში მოსახლეობას არწმუნებდა, რომ იგი სრულიად რუსეთისთვის მისაღები კანდიდატია. მას ყველაზე მეტად სწორედ დაბალი აქტივობა აშინებს“, – წერია სტატიაში.

ბრიტანულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ზემოთ ხსენებულ პროცესში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის როლს უსვამს ხაზს. იგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ნავალნის მცირერიცხოვანი მხარდამჭერებისა, მას ახლა შეუძლია, მოახდინოს ხალხის მობილიზება და მოუწოდოს მათ, საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

„პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებული ნავალნი გაცილებით ნაკლებად საშიშია კრემლისთვის, ვიდრე ოპოზიციონერი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს“, – წერია გამოცემაში.