ფინალში საქართველოში შეკერილი ფორმებით - საფრანგეთის ნაკრებს „აჭარა ტექსტილი“ ამარაგებს #1TVSPORT
ფინალში საქართველოში შეკერილი ფორმებით - საფრანგეთის ნაკრებს „აჭარა ტექსტილი“ ამარაგებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, საქართველოში შეკერილი ფორმებით თამაშობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

„კიდევ ერთი მაგარი ამბავი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კატარში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს. წარმატებები საფრანგეთს ფინალში, ჩვენი მაისურებით“, – წერს მიხეილ ხიდურელი.

აღსანიშნავია, რომ 2012 და 2016 წლების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე იტალიის ნაკრებიც ასევე „აჭარა ტექტილის“ შეკერილი ფორმით გამოდიოდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი ხორვატიამაც აჭარული პროდუქციით ითამაშა.

კომპანია სამკერვალო ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში ფლობს. გარდა იტალიის, საფრანგეთისa და ხორვატიის ნაკრებებისა, „აჭარა ტექსტილი“ მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ტანისამოსით, უკვე წლებია, 33 გუნდსa და ნაკრებს ამარაგებს, მათ შორის დორტმუნდის „ბორუსიას“ და „ნიუკასლს“.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში კი საფრანგეთის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს – თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.