ინდოეთში მიმდინარე საკლუბო ტურნირის-პროფესიული საჭიდაო ლიგის ფინალში, ერთმანეთს ტიტულოვანი ქართველი ფალავნების – გენო პეტრიაშვილისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გუნდები შეხვდებიან.
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, დღეს მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გახანა, რომელშიც მისი გუნდი – „ჰარიანა ჰამერსი“ „ დანგალს“ უპირისპირდებოდა. ლადო, წრიული ეტაპის ბოლო ტურის მსგავსად, კვლავ ნეთენ რათს შეხვდა და ამჯერად 6-3 დაამარცხა. შეგახსენებთ რომ ამ სპორტსმენების წინა შეხვედრა, ასევე ხინჩეგაშვილის გამარჯვებით -6-2 დასრულდა.
ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ორთაბრძოლაში, ლადომ პირველი ქულა მეტოქის პასიურობის შედეგად მოიპოვა. თუმცა პირველი პერიოდის დასრულებამდე 10 წამით ადრე, 27 წლის ინდოელმა მოჭიდავემ ხინჩეგაშვილი ხალიჩიდან გაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე პერიოდში კი, ტიტულოვანმა ქართველმა, ნეთან რათი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 5-1 დაწინაურდა, რის შემდეგაც გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია.
საბოლოოდ, ხინჩეგაშვილმა და მისმა გუნდელებმა, ცხრიდან 5 შეხვედრა მოიგეს და „ჰარიანა ჰამერსმაც“ 5-4 გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე, ტურნირის მოქმედი ჩემპიონები, გენო პეტრიაშვილი და მისი კლუბი – „პანჯაბ როიალსი“ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ გენომ და მისმა გუნდმა ფინალის საგზური „ვეერ მარათასთან“ გამარჯვების შედეგად მოიპოვეს.
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი, ნიუ დელიში 26 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დღეს გასამართი ფინალის მონაწილეებს შორის გაირკვა შარშანდელი ჩემპიონის ბედიც. ინდოეთის პროფესიული საჭიდაო ლიგის მეორე სეზონის ფინალშიც, ერთმანეთს „პანჯაბ როიალსი“ და „ჰარიანა ჰამერსი“ დაუპირისპირდნენ. ერთი წლის წინ გამარჯვება პანჯაბელებს ერგოთ, რომელთა შემადგენლობაშიც, ახლა უკვე „ჰარიანა ჰამერსის“ წევრი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ირიცხებოდა.