ფილმი „ქარწაღებულნი“ „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს
ფილმი „ქარწაღებულნი“ „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს

მხატვრული ფილმი „ქარწაღებულნი“ „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს. ფილმმა „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერის პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც „ეიჩბიო მაქსმა“ ის კატალოგიდან ეთნიკური და რასობრივი ცრურწმენების ასახვის გამო ამოიღო. ფილმის მიმართ ინტერესი, სწორედ კატალოგიდან მისი ამოღების შემდეგ გაიზარდა და შედეგად, ფილმი გაყიდვების რეიტინგში არამხოლოდ ამაზონზე, არამედ „ეფლს აი-თიუნსის“ ხუთეულშიც მოხვდა.

ეიჩბიო მაქსმა“ ფილმი საკუთარი ვიდეოთეკიდან რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში მიმდინარე რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ამოიღო. 1939 წელს გადაღებული ფილმი „ეიჩბიოს“ პლატფორმიდან დროებით წაშალეს. „ეიჩბიოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმი წარსული დროის პროდუქტია, ეთნიკურ და რასობრივ ცრურწმენებს ასახავს, რომლებიც წარსულშიც არასწორი იყო და დღესაც არასწორია. „ეიჩბიომ“ განაცხადა, რომ პლატფორმაზე ფილმის ახსნა-განმარტების გარეშე დატოვება უპასუხისმგებლობა იქნებოდა. კომპანიის ცნობით, სამომავლოდ ფილმს ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებით ინფორმაციას დაურთავენ და კატალოგში დააბრუნებენ. ფილმში „ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-1865) პერიოდია ასახული და მონობის რომანტიზებისთვის მას ხშირად აკრიტიკებდნენ.