ფილიპინებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავეს
ფილიპინებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავეს. დუტერტეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედება ბრალი.
დუტერტეს წინააღმდეგ გამოძიება მისი პრეზიდენტობის დროს ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში სასამართლოს გარეშე ათასობით ადამიანის მკვლელობას ეხება.
ფილიპინების პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დუტერტეს ინტერპოლის დაკავების ორდერი მანილას აეროპორტში ჩასვლისას ჩააბარეს და ამჟამად ის დაპატიმრებულია.
„ნარკოტიკის წინააღმდეგ“ ომის გამოცხადება დუტერტეს 2016 წლის კამპანიის დროს მთავარი დაპირება იყო. ის უარყოფს, რომ ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილების დახოცვის ნებართვა გასცა და აცხადებს, რომ პოლიციას ცეცხლის გახსნის უფლება მხოლოდ თავდაცვის მიზნით მისცა. პოლიციის ინფორმაციით, ანტინარკოტიკული ოპერაციების დროს მოკლეს 6 200 ეჭვმიტანილი, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა უფრო მაღალია.
ჰააგის სასამართლომ სისტემატური მკვლელობების გამოძიება როდესაც დაიწყო, როდრიგო დუტერტემ ფილიპინების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როდრიგო დუტერტეს მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი სალვადორ პანელო აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოა და ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ფილიპინებზე.
„ჰიუმან რაითს ვოთჩმა“ დუტერტეს დაკავება ფილიპინებში ანგარიშვალდებულების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ ფილიპინების ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გადასცეს ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.