ფილიპინების პრეზიდენტი - ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები ნიანგებს აჭამეთ
ფილიპინების პრეზიდენტი - ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები ნიანგებს აჭამეთ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები ნიანგებს აჭამეთ, – ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა.

დუტერტეს თქმით, ჯარისკაცებმა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე გამომძიებლების კითხვებს არ უნდა უპასუხონ, რადგან ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

„შეასრულეთ თქვენი საქმე კანონის ფარგლებში. დანარჩენი საქმე მე დამიტოვეთ. აქ გამომძიებლები ჩამოდიან, რომლებმაც არ იციან ფილიპინების კანონები. ისინი სულელები არიან. თუ ადამიანის მჭამელი ნიანგები გყავთ, მათ გადაუყარეთ. მე ვუთხარი ნარკომოვაჭრეებს – არ გაანადგუროთ ჩემი ქვეყანა და ახალგაზრდობა, თორემ დაგხოცავთ“, – უთხრა დუტერტემ ფილიპინელ სამხედროებს ქალაქ ზამბოანგაში შეხვედრისას.

ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის ფარგლებში, ფილიპინების პრეზიდენტს მათი ლიკვიდაციის ბრძანება არაერთხელ აქვს გაცემული, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხშირად კრიტიკის ობიექტია.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ფილიპინების პრეზიდენტს ფსიქოლოგიური შემოწმება სჭირდება.