ფილიპინების კუნძულ ხოლოზე ტერორისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ მიერ მძევლად აყვანილი ნიდერლანდების მოქალაქე მოკლეს
ფილიპინების კუნძულ ხოლოზე ტერორისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ მიერ მძევლად აყვანილი ნიდერლანდების მოქალაქე მოკლეს

ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ხოლოზე ტერორისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ მიერ მძევლად აყვანილი ნიდერლანდების მოქალაქე მოკლეს. ჰოლანდიელი ევოლდ ჰორნი ტერორისტული დაჯგუფების წევრებსა და ფილიპინების შეიარაღებული ძალების სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ფილიპინელი ჯარისკაცების მიერ ოპერაციის დაწყებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მებრძოლებმა მოკლეს.

ნიდერლანდების მთავრობამ 59 წლის ჰორნის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფ ბლოკის განცხადებით, მთავრობა ფილიპინების ხელისუფლებასთან გაარკვევს მომხდარის ყველა დეტალს.

ევოლდ ჰორნი შვეიცარიის მოქალაქე ლორენცო ვინჩუგუერასთან და ფილიპინელ გიდთან ერთად მძევლად 2012 წლის თებერვალში აიყვანეს.

შვეიცარიელი და ჰოლანდიელი ფილიპინებში, კუნძულ ტავი-ტავიზე იშვიათი სახეობის ფრინველებისთვის ფოტოების გადასაღებად გაემგზავრნენ. 2014 წელს ფილიპინელმა და შვეიცარიელმა მძევლებმა ტყვეობიდან გაქცევა შეძლეს.

ფილიპინების ხელისუფლების ცნობით, კუნძულ ხოლოზე შეტაკებისას სამხედროებმა ისლამისტური დაჯგუფების „აბუ საიაფის“ ექვსი მებრძოლი მოკლეს, 12 კი, დაჭრეს. ასევე დაშავებულია 12 ჯარისკაცი.

დატოვე კომენტარი