ფილიპ რიკერი - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ 2020 წელს არჩევნებზე ახალი პროპორციული წარმომადგენლობით გამოვიდეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც დიდ შესაძლებლობას უკეთესი დემოკრატიისთვის
ფილიპ რიკერი - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ 2020 წელს არჩევნებზე ახალი პროპორციული წარმომადგენლობით გამოვიდეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც დიდ შესაძლებლობას უკეთესი დემოკრატიისთვის

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ 2020 წელს არჩევნებზე ახალი პროპორციული წარმომადგენლობით გამოვიდეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც დიდ შესაძლებლობას უკეთესი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განცხადა.

პანელის მოდერატორმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე სთხოვა კომენტარი, სადაც საუბარია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე, სასამართლო დამოუკიდებლობის ხარვეზებსა და მედიაზე ზეწოლაზე. ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე. პასუხად ფილიპ რიკერმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან და მათი პოზიცია დემოკრატიულ პროგრესს აძლიერებს.

„ძალიან ველოდები მათთან შეხვედრას, რადგან მნიშვნელოვანია შეხვედრა არა მხოლოდ მთავრობის წევრებთან, არამედ ოპოზიციასთან, მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის გადამწყვეტი გრძელვადიანი წარმატებისთვის და სტაბილურობისთვის. ისტორიამ აჩვენა, რომ ქვეყანას რომელსაც აქვს დეფიციტი ამ მიმართულებით და ნაკლებობა, ვინც მთავრობას აკრიტიკებს, ვერ იქნება ეს ქვეყანა აყვავებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა და ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა. პოლიტიკური ჩართულობა ფუნდამენტურია, მნიშვნელოვანია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

რიკერის თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ წარმოადგინონ პოლიტიკებზე და იდეებზე დაფუძნებული კამპანია ქვეყნის განვითარებისთვის.

„ჩვენ კვლავ ვიტყვით, რომ ეს მნიშვნელოვანია. ეს ზოგჯერ რთულია, მაგრამ არ უნდა იყოს დანახული, როგორც საფრთხე. ეს კომპონენტები დემოკრატიას უფრო აძლიერებენ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ 2020 წელს ახალ არჩევნებზე ახალი პროპორციული წარმომადგენლობით გამოვიდეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც დიდ შესაძლებლობას უკეთესი დემოკრატიისთვის. კრიტიკა და საერთაშორისო ორგანზიაციების იდეები გასულ არჩევნებზე ქართული დემოკრატიის, მისი სტაბილურობის და დასავლური ორიენტაციის გასაძლიერებლად უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.